საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბაქოში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდა.
24-26 იანვარს, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან ალი ასადოვთან, მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა სექტორული თანამშრომლობა. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლებასა და მეცნიერებაზე.
საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობას. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მასშტაბური სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევთან, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ელჩინ ბაბაევთან, აკადემიურ საბჭოსთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ემინ ამრულაევთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოს STEM-ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა.
გიორგი ამილახვარმა, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზურაბ პატარიძესთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო.მინისტრი ასევე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ბაქოში გამართულ შეხვედრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ.