მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე.
ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული ბმულები, შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თვალ-ყური მიადევნოთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკას, აგრეთვე მოიძიოთ სასურველი ინფორმაცია ჩვენი სამშობლოს შესახებ - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში, გაეცნოთ ინფორმაციებს საკონსულო რეგულაციების შესახებ.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ელჩის რანგში, დიპლომატიურ სამსახურს შევუდექი საქართველოს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოში. ჩემთვის, როგორც საქართველოს ელჩისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ორი მეზობელი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა ტრადიციები და თანამედროვე ეტაპზე, თანამშრომლობის განვითარების სულ უფრო მზარდი დინამიკა.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცების რთულ გზაზე, საქართველო ყოველთვის გრძნობდა და დღესაც გრძნობს მეგობარი სახელმწიფოების, მათ შორის, ჩვენი უახლოესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის მუდმივ მხარდაჭერას.
ჩვენ ერთობლივად გადავლახეთ ბევრი პრობლემა, წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ ფართომასშტაბიან, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულსა და სატრანსპორტო პროექტებს. საქართველო და აზერბაიჯანი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და გამოხატავენ მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისადმი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ორმა მეგობარმა სახელმწიფომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს საერთაშორისო არენაზე და იზრდება ჩვენი ქვეყნების ავტორიტეტი მსოფლიოში.
ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავი, ვუსურვო სახელმწიფოებრიობის კიდევ უფრო განმტკიცება, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა.
ღრმად მწამს, რომ თანამედროვე ეპოქაში, კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველო–აზერბაიჯანის თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკურ სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში, ერთობლივად შევძლებთ ახალი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებას, რაც კეთილდღეობას მოუტანს ორ მეზობელ ხალხს, დაამკვიდრებს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მსურს მტკიცედ გჯეროდეთ, რომ პირადად საქართველოს ელჩი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თითოეული თანამშრომელი, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს და თანადგომა გაუწიოს ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს, დაიცვას მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
გვერწმუნეთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივად იღვაწებს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კიდევ უფრო მეტად დაახლოვების, ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების, ურთიერთ ცნობადობის ამაღლებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებისთვის.