საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში
10-11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიოლი მეჯლისის თავმჯდომარის საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში იმყოფებოდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო დონეზე.
10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანელ კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა მიმოიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფების და აპარატების დონეზე.
შეთანხმდნენ საპარლამენტო პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე. აგრეთვე, მიმოიხილეს რეგიონული მშვიდობის განმტკიცების საქმეში პარლამენტების როლი.
ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.
ბაქოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსხვილი ერთობლივი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების სტრატეგიულ როლს, ასევე, ე.წ. ვაჭრობის შუა კორიდორის გამართულ და აქტიურ ფუნქციონირებას. ასევე, აღნიშნეს ამ მიმართულებებით დაგეგმილი ახალი ინიციატივების მნიშვნელობა. ამავე კონტექსტში ისაუბრეს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო და მეგობრულ კავშირებზე. შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში არსებული დრამატული თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების და ქ. განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მემორიალური დაფის ინსტალაციისთვის.
მიმოიხილეს, აგრეთვე, პარლამენტების დადებითი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების საქმეში.
აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, შალვა პაპუაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო.
საპარლამენტო დელეგაცია ასევე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიოდნენ.