Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა

27 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
 
აზერბაიჯანის ლიდერმა საქართველოს ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან საუბრისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლსა და რელიგიათაშორის მშვიდობისმყოფელ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ილია მეორეს აზერბაიჯანში ყოველთვის პატივისცემით გაიხსენებენ.
 
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახით საქართველომ და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ დაკარგა ბრწყინვალე სულიერი ლიდერი, მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე დიდი პიროვნება, რომლის ცხოვრების არსს შეადგენდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ადამიანებს შორის სოლიდარობა, რელიგიებს შორის ურთიერთგაგება და დიალოგი. „ილია მეორის ძალისხმევით კიდევ უფრო განმტკიცდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობა, კეთილმეზობლობა და თანამშრომლობა. მე ყოველთვის სასიამოვნოდ მომაგონდება მასთან შეხვედრები ბაქოსა და თბილისში“, - ნათქვამია ჩანაწერში.
 
ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ალიევს საელჩოში მისვლისა და სამძიმრის გამოხატვისთვის.
 
აღსანიშნავია, რომ 18 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.