„წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები,“ - მაკა ბოჭორიშვილი
„წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართული საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-10 სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ქ. სტამბოლში გამართული სამმხრივი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგისა და სტრატეგიული თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომლებსაც გვაერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
