25-26 ნოემბერს ქ. ბაქოში გაიმართა კონსულტაციების მორიგი რაუნდი საკონსულო საკითხებში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.
ქართული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ემილ საფაროვი. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი და კონსული ბიძინა ღვაჩლიანი.
კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა საკონსულო სფეროში არსებული ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების სხვა აქტუალურ თემატიკაზე მსჯელობა. შეხვედრის შედეგად, მხარეებმა ხელი მოაწერეს საკონსულო კონსულტაციების ოქმს.