18 ნოემბერს, საელჩოს ორგანიზებით, ქ. ბაქოში, სასტუმროში „Four Season” გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხემძღვანელები, ქართული დიასპორის წევრები, საქართველოსა და აზერბაიჯანის მას-მედიის გადამღები ჯგუფები.
მიღების დასაწყისში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები შეასრულა ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ ვოკალისტთა ჯგუფმა, რის შემდეგაც, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ატმოსფეროზე. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთ თანადგომისა და მხარდაჭერის, მსოფლიო მნიშვნელობის, წარმატებით მიმდინარე ერთობლივი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მხარეთა მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საიუბილეო საფოსტო მარკის გამოცემის თაობაზე. მიღების ფარგლებში, გაიმართა საიუბილეო მარკის პრეზენტაცია, რაც წარმოადგენს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ სიმბოლოს.
ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონი“, აგრეთვე მიღებაზე ფართოდ იყო გამოფენილი ქართული პროდუქცია, ხოლო ქართველმა მზარეულებმა და სომელიემ წარმოადგინეს ეროვნული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და ღვინის ცნობილი ბრენდები ასევე დარბაზი გაფორმებული იყო ქართული კულტურისა და ტრადიციის ელემენტებით.