14-15 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად.
14 ივლისს გაიმართა ირაკლი შოთაძის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ქამრან ალეივთან. მხარეთა მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევისა და სახელმწიფოს მეთაურების ურყევი პოლიტიკური ნების წყალობით, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებამ მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა ქვეყანაში სამართლებრივ სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ, რის შედეგადაც, დაიხვეწა პროკურატურის საქმიანობა.
ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის. მან აღნიშნა, რომ ორი მეგობარი სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა სფეროში და ქართული მხარე ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებას აზერბაიჯანის პროკურატურასთან.
შეხვედრაზე, აგრეთვე განიხილეს ორ მეზობელ ქვეყანაში კომპაქტურად მცხოვრები ქართველი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეთა უფლებების დაცვის, სამართლებრივ, ორმხრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთდახმარების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ახალი შენობა და გაეცნენ სტრუქტურაში დანერგილ ინოვაციებს.
ვიზიტის მეორე დღეს 15 ივლისს გაიმართა საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან.