საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე სამხრეთ კავკასიაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს (აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი), რომელიც 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას ითვალისწინებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი.
