საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
ბაქოში ვიზიტისას მან შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა ამ პროცესში.
ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა არაერთ, მათ შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ, სფეროში.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მათ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მოგვიანებით კი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას, ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შედიოდნენ.