23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე და ქ. განჯაში საქართველოს გენ. კონსული ნიკოლოზ იაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კახის რაიონს ასევე ეწვია წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე (ჭუაძე) სამღვდელოებასთან ერთად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები.
კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში, რომლის წინამძღვარი გახლავთ დეკანოზი პეტრე (ხუმარაშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ (ჭუაძე), სამღვდელოებასთან ერთად, აღავლინა სადღესასწაულო წირვა. საღვთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის წვერები, ადგილობრივ მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, ეწვივნენ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს.
ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექელიევთან ასევე დელეგაციის წევრებმა, კახის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში, გამართეს შეხვედრა აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებთან.