საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის ვიზიტი კახის რაიონში

23-24 აპრილს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში.

გაიმართა ზურაბ პატარაძის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექელიევთან, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დაათვალიერა "ჰეიდარ ალიევის ფონდის" მიერ აშენებული, კახის რაიონის კულტურის ახალი სახლი, გაესაუბრა იქ დასაქმებულ, ქართველი ეროვნების თანამშრომლებსა და ანსამბლის "შვიდკაცას" ხელმძღვანელობას.

23 აპრილს გაიმართა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებსა და ჩვენს თანამემამულეებს შორის, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საკონსულო საკითხებში. ასევე მათ მიეწოდა ინფორმაცია, კოვიდ რეგულაციების გამო, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, საელჩოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებების შესახებ - ჩვენი თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს ინიციატივით, განხორციელდა მორიგი ჰუმანიტარული აქცია და მოსახლეობას გადაეცა საკვები პროდუქტების ამანათები.

23 აპრილს ელჩი ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში.