საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

  • მუდმივი პოლიტიკური დიალოგი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
  • თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში: აზერბაიჯანთან თანამშრომლობას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ენერგეტიკა წარმოადგენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის უმთავრეს მიმართულებას. 2008 წლის ნოემბერში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) შორის გაფორმდა ხუთწლიანი მემორანდუმი საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების თაობაზე. ამ დოკუმენტის ხელმოწერით, საქართველომ პირველად გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი ქვეყნისთვის გაზის მოწოდების კუთხით. ამავდროულად, SOCAR-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია.
  • ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი მსხვილმასშტაბიანი, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული მიღწევები, როგორებიცაა "ყულევის" ნავთობტერმინალი, "ბაქო-სუფსისა" და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენები, აგრეთვე "ბაქო-თბილისი-ერზურუმის" გაზსადენი.
  • აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარშრუტით ტრანსპორტირების მიზნით აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთს შორის ხორციელდება შეკუმშული აირის ტრანსპორტირების პროექტი (AGRI). 2010 წლის 14 სექტემბერს ქ. ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ამ პროექტის განხორციელების შესახებ.
  • საქართველო და აზერბაიჯანი ერთად მონაწილეობენ „სამხრეთის დერეფნის" ინიციატივის განხორციელებაში. ისეთი გლობალური ენერგეტიკული პროექტების პრაქტიკული განხორციელება როგორიც "Nabucco'', "Trans-Caspian Pipeline'', "White Stream" ხელს შეუწყობს მონაწილე სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზრდას.
  • ენერგოხიდის შექმნის მიზნით საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემებს შორის ხორციელდება მაღალი ძაბვის (500კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, რომელის მეშვეობით განხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით.
  • თანმშრომლობა ენერგეტიკის სფეროში საერთო მიზნათ ისახავს ენერგორესურსებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას და, აგრეთვე, ევროპის რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  • თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში: საქართველოს საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველო და აზერბაიჯანი კი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გრძელდება რეალიზაცია ქ. ბაქოში 1998 წლის 8 სექტემბრს ხელმოწერილ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების ევროპა-კავკასია-აზია სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ (TRACECA). საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობის დადასტურებას წარმოადგენს "ბაქო-თბილისი-ყარსის" გრანდიოზული სარკინიგზო პროექტი. პროექტის რეალიზაციის შედეგად, საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემები დაუკავშირდება ევროპის ცენტრალიზებულ სარკინიგზო ქსელს, რასაც გააჩნია გეოსტრატეგიული მნიშვნელობა შავი ზღვა-კასპიისპირეთის მთელი რეგიონისთვის. 2011 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში გაიმართა რკინიგზის „ბაქო-თბილისი-ყარსი" პროექტის რეალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს (მე-10 ორმხრივი და მე-3 სამხრივი) სხდომა.
  • ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები: წლების მანძილზე აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. 2010 წლის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანთანწინა წელთან შედარებით გაიზარდა 30,6%-ით და განისაზღვრა 708,1 მლნ. აშშ დოლარით (საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 10,6%). აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-2 ადგილს კვლავ ინარჩუნებს.
  • 2011 წლის 3 თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 41.1%-ით და განისაზღვრა 192,8 მლნ. აშშ დოლარით (საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 10,4%). აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანმა საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-2 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
  • 2010 წლის 29 აპრილს თბილისში ხელმოწერილი ოქმი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქონლის და მომსახურების ბაზრებზე დაშვების შესახებ, ადასტურებს ქართული მხარის დაინტერესებას აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში ლიბერალური ვაჭრობის პოლიტიკისა და საერთაშორისო ნორმების პრინციპებზე.
  • ინვესტიციები: საქართველოში დაწყებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, რაც დადებითად აისახა აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების საქმიანობაზეც. ეს გამოიხატა საქართველოს მიმართ აზერბაიჯანული ბიზნესის ინტერესის ზრდაში.
  • საქართველოში ინვესტიციების შემოდინება აზერბაიჯანიდან 1997 წლიდან ხორციელდება. 1997-2010 წლებში საქართველოში აზერბაიჯანის ინვესტიციებმა ჯამში 432.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2010 წლის მონაცემებით ინვესტიციების მოცულობამ აზერბაიჯანიდან მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა (გაიზარდა 56,2%-ით) და შეადგინა 46,6 მლნ აშშ დოლარი, საქართველოში განხორციელებული მთლიანი ინვესტიციების 8,4%. 2010 წლის მონაცემებით აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად 10 ინვესტორ პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა.
  • ტურიზმი: საქართველო-აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროში. ორივე ქვეყანა წარმოადგენენ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) წევრ ქვეყნებს. 2010 წლის 15-17 აპრილს საქართველოს მხარემ (საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო) მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში AITF, რომელიც გაიმართა ქ. ბაქოში.
  • 2010 წლის მონაცემებით აზერბაიჯანელ ვიზიტორთა რიცხვი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17% და შეადგინა 498572 ადამიანი.
  • საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც სუამ-ის (GUAM) წევრი ქვეყნები ერთობლივად მუშაობენ ახალ ინიციატივაზე - "ტურისტული პროდუქტი იაპონური ბაზრისთვის". აღნიშნული პროექტი აერთიანებს სუამ-ში შემავალ 4 ქვეყნის ტურ-პროდუქტს. პროექტში ტურ კომპანიებთან ერთად ჩართული არიან აგრეთვე ტურ ადმინისტრაციებიც. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობს კომპანია ,,Vanilla Sky Georgia" და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
  • ანამშრომლობა სხვა სფეროებში: ეკონომიკური სფეროების გარდა ორ სახელმწიფოს შორის ვითარდება თანამშრომლობა კულტურის, სპორტის, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებში.
  • სისტემატურად ტარდება ერთი ქვეყნის კულტურის დღეები მეორე ქვეყანაში. მის ფარგლებში იმართება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულრტურის საკითხთა კომისიის სხდომები, სადაც განიხილება ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თამშრომლობის მიმართულებები.

  • 2011 წელს ხელმოწერილ იქნა შეთანხმება კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრსა და აზერბაიჯანის ეროვნული დრამის თეატრს შორის, რომლის თანახმად განხორციელდება სპექტაკლების, რეჟისორებისა და არტისტების გაცვლა და ერთობლივი პროდუქციის შექმნა. 2011 წლი 20-21 მაისს ბაქოში გაიმართა ქართული თეატრის გასტროლები, ხოლო 30-31 მაისს აზერბაიჯანელი არტისტები წარდგნენ თბილისის სცენაზე.
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თანამშრომლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და მედიცინის სხვა სფეროებში. ხორციელდება ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის და ქ. ბაქოში ტუბერკულოზის რეგიონალური ლაბორატორიის შექმნის ღონისძიებები. საქართველოს სპეციალისტები მონაწილეობენ მსოფლიო ბანკის კრედიტების ხარჯზე `აზერბაიჯანის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სრულყოფის~ პროექტის ცალკეული კომპონენტების შემუშავებაში.
  • ორი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნირებში, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს ტერიტორიებზე იმართება.
  • მრავალმხრივი თანამშრომლობა: გრძელდება თანამშრომლობა სუამ-ის (GUAM) ფარგლებში, აგრეთვე ისეთ რეგიონულ ფორმატებში, როგორებიცაა: ბისეკი (BSEC), ტრასეკა (TRACECA), ინოგეიტი (INOGATE) და ა.შ. საქართველო და აზერბაიჯანი აფიქსირებენ ერთიან მიდგომებს სხვადასხვა უნივერსალური და რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს (UN), ეუთოსა (OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE) ფარგლებში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" (EaP) ინიციატივას და ამ ინიციატივის ფარგლებში აზერბაიჯანულ მხარესთან ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელებას.

2010 წელს აზხერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტები

ბმული:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://mfa.gov.az