ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ

მიმდინარე  წლის 31 ივლისს,  თავისი  პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში (ესტონეთი- საქართველო-მონტენეგრო),   საქართველოს პრემიერ-მინისტრის,    ბატონი   გიორგი   კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით (31 ივლისი - 1 აგვისტო) ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტი,  ბატონი   მაიკლ  პენსი   და   მისი   მეუღლე,   ამერიკის   შეერთებული შტატების მეორე ლედი, ქალბატონი კარენ პენსი.

 

აშშ-ის   ვიცე-პრეზიდენტსა  და   მის თანმხლები დელეგაციისთვის საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით გამართულ მისასალმებელ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს საქართველოს უმთავრეს  სტრატეგიულ პარტნიორს და ორ ქვეყანას საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები  აკავშირებს.

აშშ-ის  ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მან საქართველოში შეერთებული  შტატების ლიდერის მარტივი გზავნილი  ჩამოიტანა: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდითაა.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა   და  აშშ-ის  ვიცე-პრეზიდენტის  ოფიციალური  შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში,  ბატონმა პენსმა მადლობა გადაუხადა  საქართველოს მთავრობის მეთაურს  გულთბილი მასპინძლობისთვის   და  კიდევ  ერთხელ გააჟღერა,  რომ ამერიკა განაგრძობს საქართველოს  მტკიცე მხარდაჭერას. მისი  მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ ვაშინგტონი  მაღალ შეფასებას აძლევს უკანასკნელი 25 წლის მანძილზე  ქართულ-ამერიკული  ურთიერთობების განვითარების  დინამიკას.  ხაზი გაესვა, რომ შეერთებული  შტატები საქართველოს მიიჩნევს  უმნიშვნელოვანეს  სტრატეგიულ პარტნიორად და პატივს   სცემს   მის   სუვერენიტეტს,  ტერიტორიულ   მთლიანობასა  და  ნატო-ში   გაწევრიანებისაკენ სწრაფვას. საპასუხოდ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  აშშ-ის  ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ვაშინგტონის  მხრიდან ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა.

მხარეებმა განიხილეს  საქართველო-აშშ-ის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი   საკითხები,   მათ  შორის,  აღინიშნა  თავდაცვისა   და  უსაფრთხოების   სფეროში  მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და აშშ-ის უდიდესი როლი და ჩართულობა საქართველოს შეიარაღებული ძალების  განვითარებისა  და  ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის  ამაღლების უზრუნველყოფისათვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს  საერთაშორისო სწავლება "ღირსეული  პარტნიორი 2017"-ის  მნიშვნელობას რეგიონში  უსაფრთხოების,  სტაბილურობისა   და  მშვიდობის   განმტკიცების კუთხით.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა   და  ამერიკის  ვიცე-პრეზიდენტმა  ისაუბრეს   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ  მძიმე   ვითარებაზე. 

 

აშშ-ის  ვიცე-პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი  უწოდა  საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილ წვლილს.

 

 

ქართული მხარის შეფასებები

 

ვიზიტის  შემდეგ   გაკეთებული    შეფასებებით,   საქართველოში  აშშ-ის   ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სრულიად  განსხვავებული   და  უნიკალური  ხასიათის   იყო  როგორც შინაარსობრივად, კონტექსტის  მხრივ და გაჟღერებული გზავნილებით, ისე იმ აბსოლუტურად მკაფიო საჯარო განცხადებებით, რომელიც მან თბილისში  გააკეთა.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი  განიხილება არა  მხოლოდ  როგორც მნიშვნელოვანი   მოვლენა  აშშ-საქართველოს ორმხრივ  ურთიერთობებში, არამედ აგრეთვე როგორც რეგიონული  უსაფრთხოების  განმტკიცებისა  და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევების კონსოლიდაციის გამოხატულება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის  შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი კიდევ  ერთი ნათელი დადასტურებაა  იმისა,  რომ საქართველო სარგებლობს ამერიკის  შეერთებული   შტატების უდიდესი  მხარდაჭერით,  რაც, თავის  მხრივ,  ისტორიულ   შანსს წარმოადგენს.

 

ბატონი   პენსის   საქართველოში ვიზიტისას  გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი  ძალზე მკაფიო  გზავნილები,  ხოლო თავად  ვიზიტი  ერთმნიშვნელოვნად  ცხადყოფს,  რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი საგარეო პრიორიტეტების  მხარდაჭერისა და ქვეყნის გაძლიერების კუთხით, ვაშინგტონი  იყო, არის და იქნება  საქართველოს ყველაზე  მნიშვნელოვანი  სტრატეგიული პარტნიორი. ამ  კუთხით, უმნიშვნელოვანესია   ისიც,   რომ, გაჟღერებულ გზავნილებში, აშშ-ის  ვიცე- პრეზიდენტმა არსებული საფრთხეებისა და შესაძლებლობების აბსოლუტურად ზუსტი შეფასება მოახდინა,  ასევე,  ჩამოიტანა  პრეზიდენტ  ტრამპის  მკაფიო გზავნილი   იმის   შესახებ,  რომ ამერიკის შეერთებული  შტატები გვერდში უდგას  თავისუფლების  მოყვარულ ერებს მსოფლიოს მასშტაბით  და ის ამას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით  ადასტურებს.

 

აგრეთვე, აღსანიშნავია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომ პრეზიდენტი ტრამპი და იგი  ემხრობიან  2008  წელს ნატო-ს  ბუქარესტის სამიტის  ფარგლებში მიღებულ  გადაწყვეტილებას, რომლის  მიხედვითაც   საქართველო მომავალში  გახდება   ნატო-ს   წევრი.   მეტიც,    აშშ-ის   ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და გაატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც შეუწყობს  ხელს ჩვენს ნატოში გაწევრიანებას.

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოში გაჟღერებული მნიშვნელოვანი გზავნილები

 

„ამერიკის შეერთებული  შტატების პრეზიდენტმა გამომგზავნა, რათა გამეჟღერებინა გზავნილი, რომ ჩვენ  მხარს  გიჭერთ,  თქვენს  გვერდზე   ვდგავართ.  ჩვენ  ვამაყობთ  იმ  მეგობრობით  და სტრატეგიული  პარტნიორობით,  რაც  საქართველოსთან და  ქართველი  ხალხთან  გაგვაჩნია“.

 

„2004    წლიდან    მოყოლებული,    ათასობით    ქართველი   ჯარისკაცი   იბრძოდა    ამერიკელი ჯარისკაცების  მხარდამხარ კოსოვოში, ერაყსა და  ავღანეთში.  მადლიერებით  აღვნიშნავ,  რომ ავღანეთში, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ მებრძოლს აგზავნის და 31-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა  სიცოცხლე შესწირა თავისუფლებას. ამერიკელ ხალხს ახსოვს თქვენი ქვეყნის მიერ გაღებული მსხვერპლი.“

„შთამბეჭდავია,   რომ  საქართველო უკვე   ზედმიწევნით  ასრულებს  ნატო-ს  მოთხოვნებს  და საკუთარი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს ეროვნულ თავდაცვაზე.“

„პრემიერ-მინისტრთან   აღვნიშნე  და  მაღალი შეფასება მივეცი   საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,  რამაც ქვეყანა ევროპასთან ერთობას და  ნატო-ში  გაწევრიანებას  კიდევ  უფრო დააახლოვა. პრემიერ-მინისტრის  მიერ დასახული  გეგმების  განხორციელებაში მეტი  პროგრესი საქართველოს კიდევ  უფრო დააახლოებს ნატო-სთან  და  განამტკიცებს   ჩვენს  ქვეყნებს  შორის არსებულ კავშირებს.“

„პრეზიდენტი ტრამპი  და მე ვემხრობით  2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის ფარგლებში მიღებულ             გადაწყვეტილებას  იმის   შესახებ,  რომ საქართველო მომავალში  გახდება  ნატო-ს წევრი. ჩვენ   მტკიცედ   ვუჭერთ    მხარს   საქართველოს  მისწრაფებას,   გახდეს    ნატო-ს   წევრი   და განვაგრძობთ            მჭიდრო      თანამშრომლობას     პრემიერ-მინისტრთან       და      საქართველოს მთავრობასთან, რათა გავატაროთ ნატოში თქვენი გაწევრიანების ხელშემწყობი პოლიტიკა.“

„დღეს,  ჩვენი   ადგილსამყოფელიდან სულ   რაღაც 40  მილის  დაშორებით,  სამხრეთ  ოსეთის ოკუპირებულ            ტერიტორიაზე    განლაგებულია    რუსული    ტანკები.     რუსეთი     განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციას. მკაფიოდ  ვაცხადებ,   რომ ამერიკის  შეერთებული   შტატები  მკაცრად  გმობს  რუსეთის   მიერ საქართველოს ტერიტორიების  ოკუპაციას  და მხარს უჭერს  საქართველოს სუვერენიტეტსა  და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამერიკის   შეერთებული    შტატები   მტკიცედ   უჭერს    მხარს   საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობას იმ  დღიდან,  როდესაც რუსულმა  ტანკებმა  2008 წელს მოახდინეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას ხელყოფა აფხაზეთისა  და  სამხრეთ  ოსეთის  ოკუპაციით. განვაგრძობთ აღნიშნულ პოზიციაზე მტკიცედ დგომას.“

„ჩვენი   ვალდებულების   ნიშნად,   პრეზიდენტი  ტრამპი   მალე  ხელს  მოაწერს  კანონს,  რათა განამტკიცოს  და კანონის სახე მისცეს  რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული  შტატების სანქციებს.   როგორც ყოველთვის,  ჩვენს  ქვეყანას  კონსტრუქციული  ურთიერთობა   ურჩევნია რუსეთთან,             რომელიც      დაფუძნებული      იქნება      საერთო     ინტერესების       სფეროებში თანამშრომლობაზე, თუმცა, ამერიკის შეერთებული  შტატების პრეზიდენტი და კონგრესი რუსეთის  საკითხზე  ერთხმად   თანხმდებიან,   რომ  უკეთესი  ურთიერთობა   და   სანქციების გაუქმება  საჭიროებს რუსეთის მხრიდან საკუთარი  ქმედებების  უკან  წაღებას, რაც წარმოადგენს თავდაპირველ მიზეზს იმისა, რის გამოც მოსკოვს სანქციები  დაეკისრა.“

 
ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ