ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის

ორმხრივი ურთიერთობები

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ყოველთვის იყო კეთილმეზობლური, მეგობრული და რაც მთავარია, მშვიდობიანი, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რესპუბლიკებს (1918-1920 წ. წ.) ჰქონდათ ტერიტორიული ურთიერთ პრეტენზიები.

ჯერ კიდევ 1919 წლის 16 ივნისს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამხედრო-თავდაცვით სფეროში, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო ურთიერთდახმარებას. მიუხედავად ასეთი ხელშეკრულებისა, ორივე სახელმწიფო გახდა „ბოლშევიკური რუსეთის“ აგრესიის მსხვერპლი 1920-1921 წლებში.

1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის იწყება ურთიერთობების ახალი ეტაპი, რომელიც დღემდე წარმატებით ვითარდება.

სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 18 ნოემბერს. ამ კავშირით ახალი დატვირთვა მიეცა კასპია-შავი ზღვის რეგიონს. ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ფუძემდებლური პრინციპები გამყარებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებით. ორი ქვეყნის ხალხებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მეგობრულმა ურთიერთობებმა განაპირობა საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.

საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობა ხასიათდება საკმაო დადებითი დინამიკით და მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს -  პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და ჰუმანიტარულს.

ორივე ქვეყანაში ფართოდ არის წარმოდგენილი ისტორიული დიასპორა. აზერბაიჯანული ეთნოსის საქართველოს მოქალაქეები კომპაქტურად არიან დასახლებულნი ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში, ხოლო ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეები ძირითადად ცხოვრობენ აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში. დიასპორის წარმომადგენლებს ფასეული წვლილი შეაქვთ ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებში.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის საფუძველია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთ ცნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთ მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. რეგიონალური ინტერესების დაბალანსების მიზნით, საქართველო და აზერბაიჯანი 1997 წელს გახდნენ რეგიონალური ორგანიზაციის -  „სუამ“ დამფუძნებლები. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუციებსა და გაერო-ში. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში. ყოველწლიურად, სისტემატიურად ხორციელდება უმაღლესი და მაღალი დონის ურთიერთ ვიზიტები. ვიზიტების შედეგები პოზიტიურად აისახება ორი მოძმე სახელმწიფოსა და ხალხების კეთილდღეობაზე.

განსაკუთრებული წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში

თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში: აზერბაიჯანთან თანამშრომლობას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ენერგეტიკა წარმოადგენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის უმთავრეს მიმართულებას. 2008 წლის ნოემბერში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) შორის გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების თაობაზე. ამ დოკუმენტის ხელმოწერით, საქართველომ პირველად გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი ქვეყნისთვის გაზის მოწოდების კუთხით. ამავდროულად, SOCAR- საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია.

ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ისეთი მსხვილმასშტაბიანი, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა: "ბაქო-სუფსისა" და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენები, აგრეთვე "ბაქო-თბილისი-ერზურუმის" გაზსადენი.

საქართველო და აზერბაიჯანი ერთად მონაწილეობენსამხრეთის დერეფნის" ინიციატივის განხორციელებაში. ისეთი გლობალური ენერგეტიკული პროექტების პრაქტიკული განხორციელება, როგორიც არის „TANAP“ და TAP“, ხელს შეუწყობს მონაწილე სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზრდას.

ე.წ. „ენერგოხიდის შექმნის მიზნით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემებს შორის დამთავრდა მაღალი ძაბვის (500კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.  რომელის მეშვეობით განხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით.

ენერგეტიკის სფეროში თანმშრომლობა საერთო მიზნა ისახავს ენერგორესურსებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას და, აგრეთვე, ევროპის რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას.

თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში: საქართველოს საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველო და აზერბაიჯანი კი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გრძელდება რეალიზაცია . ბაქოში 1998 წლის 8 სექტემბრს ხელმოწერილ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების ევროპა-კავკასია-აზია სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ (TRACECA). საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობის ნათელ მაგალითს წარმოადგენს "ბაქო-თბილისი-ყარსის" გრანდიოზული სარკინიგზო პროექტი. პროექტის რეალიზაციის შედეგად, საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემები დაუკავშირდება ევროპის ცენტრალიზებულ სარკინიგზო ქსელს, რასაც გააჩნია გეოსტრატეგიული მნიშვნელობა შავი ზღვა-კასპიისპირეთის მთელი რეგიონისთვის.

ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები/ ინვესტიციები: წლების მანძილზე აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოში დაწყებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის საინვესტიციო გარემო, რაც დადებითად აისახა აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების საქმიანობაზეც. ეს გამოიხატა საქართველოს მიმართ აზერბაიჯანული ბიზნესის ინტერესის ზრდაში. დაწვრილებითი მონაცემების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.geostat.ge/

ტურიზმი: საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროში. ორივე ქვეყანა წარმოადგენს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) წევრ სახელმწიფოებს. ყოველწლიურად იზრდება აზერბაიჯანელ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში.

თანამშრომლობა სხვა სფეროებში: ეკონომიკური სფეროების გარდა, ორ სახელმწიფოს შორის წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა კულტურის, სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.

 

სამართლებრივი ბაზა

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას  შორის ხელმოწერილია და ძალაში შესულია 100-ზე მეტი ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას, მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების ყველა სფეროს. სისტემატიურად მიმდინარეობს სამართლებრივი დოკუმენტაციის ინვენტარიზაცია და ხდება განახლება არსებული რეალობის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სისტემატიურად ხორციელდება მრავალრიცხოვანი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. ორი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ვიზიტების შედეგები დადებითად აისახება ორი მეზობელი ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

 
 



ელჩის ბიოგრაფია

მისასალმებელი სიტყვა

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ