საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვან ტურ-ოპერატორებთან

16 მარტს, საქართველოს საელჩოში, გაიმართა ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვან ტურ-ოპერატორებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების „AZAL“ დეპარტამენტის უფროსი ნიაზი ჰასანოვი, აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი სევინჯ ზეინალი და ტურისტული სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარე რუფატ ჰაჯიევი.

შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ა.წ. 19 მარტიდან, ბაქო-თბილისი-ბაქო ავია-რეისის განახლებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსულმა პანდემიამ, როგორც მთელს მსოფლიოში ასევე საქართველოში,  მძიმე დარტყმა მიაყენა აღნიშნულ სექტორს, თუმცა ბოლო პერიოდში, საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, იძლევა აღნიშნული სფეროს ამოქმედების საშუალებას, უკვე გაიხსნა ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტები ასევე ფუნქციონირებას შეუდგა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი.

ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში გაუმჯობესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება, ქვეყანაში უკვე შემოტანილია COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია და 15 მარტს წარმატებით დაიწყო ვაქცინაციის პირველი ეტაპი.

ზურამ პატარაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დახმარების პროგრამების თაობაზე ტურიზმის სფეროში დასაქმებულთათვის, აგრეთვე პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ტურისტული სეგმენტის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების, ორ მეგობარ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების ამოქმედების მნიშვნელობის შესახებ.

ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსთან აღდგენილი ავია-რეისების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აგრეთვე მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოში შემოღებული უახლესი რეგულაციები ქვეყანაში შემოსვლის მსურველი უცხოელებისა და მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. ზ. პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს  ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების „AZAL“ წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბაქო-თბილისი-ბაქო ავია-რეისის ფრენის განრიგი, აგრეთვე ქ. ბაქოს საერთაშორისო აეროპორტსა და თვითმფრინავის ბორტზე დაწესებული რეგულაციები.  

საელჩოში ორგანიზებული შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ქართული ღვინის ნაკრები.