საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავის შესახებ

2021 წლის 21 თებერვალს 100 წელი შესრულდა საქართველოს პირველ კონსტიტუციის მიღებიდან. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ხოლო 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო  გადაწყვეტილება საქართველოს პირველი თანამედროვე კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ, სწორედ იმ დროს, როდესაც ქართული შეიარაღებული ძალები ებრძოდა რუსულ  არმიას თბილისის  მისადგომებთან.

დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება გრძელდებოდა სამი წელი და ქვეყნის ძირითად კანონს საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის შერეული მოდელი, რომლის მიხედვითაც,  მოხდა  „ფრანგული    ტიპის    საპარლამენტო   დემოკრატიისა“  და „შვეიცარიული უშუალო  დემოკრატიის“  პრინციპების შეზავება საუკეთესო  სინთეზის  მიღების მიზნით. ქვეყნის  ძირითადი  კანონით,  პოლიტიკურ  წყობად განისაზღვრა დემოკრატიული   რესპუბლიკა.  კონსტიტუციით გარანტირებული  იყო  ქალთა, რელიგიურ  და ეთნიკურ  უმცირესობათა  უფლებები, გაუქმდა სიკვდილით დასჯა. 1921 წლის წლის კონსტიტუცია ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე, საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებასა და განმტკიცებაზე.

სამწუხაროდ, ქვეყნის  პირველი  კონსტიტუცია, ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის შედეგად, მოქმედებდა მხოლოდ ოთხი დღე.

25 თებერვალს ასევე სრულდება საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავი. „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების შესაბამისად, 25 თებერვალს, ტრადიციულად, ცენტრალიზებულად ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დროშების დაშვება ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შენობებზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლშევიკური რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის მემკვიდრე  რუსეთის ფედერაცია, 21-ე საუკუნეში, 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, კვლავ განაგრძობს სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია-ანექსიას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპებს. 

2006 წლის 26 მაისს ქ. თბილისში დაარსდა „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი“, სადაც დაცულია ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალ-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990 წლები) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა.

 

გთავაზობთ „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის“ ვირტუალურ ტურს:

https://my.matterport.com/show/?m=LGdtGKxmPu7