საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აზერბაიჯანმა უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი

მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე და ბოლო პერიოდში, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სრულად გადაწყდა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი.

საქართველოს მთავრობის დავალების თანახმად, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, აქტიურად არიან ჩართულნი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება. საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს აზერბაიჯანულ კომპანიას Baku steel, რომელმაც უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ-კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და აგრეთვე, ამავე კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელს ამ შრომატევად პროცესში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა - ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროებმა, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის სექტორში კოვიდ-კლინიკების თხევადი სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით.

უახლოეს პერიოდში, იგეგმება თხევადი სამედიცინო ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით ასევე რკინიგზის საშუალებით.