საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარესთან შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადესთან.

10 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარესთან შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადესთან.

შეხვედრის დასაწყისში, საუბარი შეეხო ა.წ. 14-15 ნოემბერს ქ. ბაქოში დაგეგმილ მსოფლიო რელიგიური ლიდერების“ მეორე სამიტს. ალაჰშუქურ ფაშაზადემ აღნიშნა, რომ ძალზედ მოხარული იქნება, თუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით,  შეძლებს მონაწილეობის მიღებას ამ მეტად მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში. ალაჰშუქურ ფაშაზადემ აღნიშნა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს იცნობს  40 წლის განმავლობაში და ყოველთვის აღტაცებული იყო  მისი სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით, მისდამი გააჩნია უსაზღვრო პატივისცემა და დიდი ნდობა,  პატრიარქს უწოდებს მეგობარსა და ძმას, აგრეთვე ძალზედ აფასებს საქართველოს პატრიარქის მიერ გამოვლენილ სიბრძნეს რეგიონისთვის ყველაზე რთულ პერიოდებში.

ქვეყნებს შორის რელიგიურ სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას, ალაჰშუქურ ფაშაზადემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი მეზობელი სახელმწიფოს ხალხის, სახელმწიფო მეთაურებისა და რელიგიური ლიდერების სიბრძნის წყალობით, აზერბაიჯანმა და საქართველომ შეინარჩუნეს  კეთილგანწყობილი ურთიერთობები და გაუძლეს უმძიმეს ისტორიულ გამოცდებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ამ საკითხზე, შეიხისადმი საქართველოს პატრიარქის მიერ გაგზავნილი წერილი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი უნდა მოგვარდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრობის, ძმობის, კეთილმეზობლობის პრინციპების საფუძველზე და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ორმხრივ სახელმწიფო კომისიას მიეცეს ნორმალურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა.  

ელჩმა ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ა.წ. 9 ოქტომბრის პირველ საგარეო ვიზიტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მან კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, ძალზედ გულთბილ ვითარებაში გამართულ შეხვედრასა და გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ შემთხვევითი არ არის, პრემიერ-მინისტრის რანგში, მისი პირველი ვიზიტის განხორციელება აზერბაიჯანში, რადგან ამ ვიზიტის შედეგებიდან გამომდინარე, ორივე მხარე, კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს მტერ-მოყვარეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, არ არსებობს ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები.