საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

15-16 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, დელეგაციაში ასევე შედიოდნენ: ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ სხდომაში.

ვიზიტის დასაწყისში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავები ასევე პატივი მიაგეს სამშობლოსთვის თავდადებულთა ხსოვნას. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამი ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა შეხვედრები აზერბაიჯანის რეპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამედიაროვთან, აგრეთვე საქართველო დელაგაციის წევრები შეხვდნენ მილი მეჯლისში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს. ღონისძიებებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.

ქ. ბაქოში გამართული შეხვედრებისას, მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოებაზე, ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობას. შეხვედრების დროს, მაღალი შეფასება მიეცა სამმხრივ საპარლამენტო ფორმატს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების პროცესში.