საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის წამყვან ტურ-ოპერატორებთან

3 ივლისს, ქართული მხარის ინიციატივით, საელჩოში გაიმართა ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში აზერბაიჯანის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ტურიზმის სფეროში. ზ. პატარაძემ, პრეზენტაციის სახით, ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს სულ უფრო მზარდი ტურისტული პოტენციალისა და ხელისუფლების მიერ ინიცირებული ახალი პროექტების შესახებ ამ სფეროში. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, აღიარებულია ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად, რაც კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს უხსნის სახელმწიფოს უმასპინძლოს მზარდ ტურისტულ ნაკადს წელიწადის ოთხივე სეზონზე. ზ. პატარაძემ, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქართველი და აზერბაიჯანელი ტურ-ოპერატორების კოორდინირებულ მუშაობაზე, ერთობლივი ტურ-პაკეტების შემუშავებაზე, ლოჯისტიკურ საკითხებზე - მესამე ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრაზე პოზიტიური შეფასება მიეცა იმ ფაქტს, რომ ტურისტული ნაკადის მატებასთან  დაკავშირებით,  მხარეთა გადაწყვეტილებით, გაიზარდა ბაქო-ბათუმი-ბაქო ავია-რეისის სიხშირე და ფრენები განხორციელდება  კვირაში სამჯერ. შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანელ ტურ-ოპერატორებს საჩუქრად გადაეცათ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მრავალფეროვანი საინფორმაციო ბუკლეტები და ქართული ღვინო.