საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაიხსნა პირდაპირი ავია-რეისი „ბაქო-ბათუმი-ბაქო“

14 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქიდან ამოქმედდა პირველი, პირდაპირი ავია-რეისი ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით. დაბალბიუჯეტიან ავია-რეისებს შეასრულებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ავია-ხაზების „Azerbaijan Airlines“ შვილობილი  ავია-კომპანია „Buta Airways.

საქართველოს საელჩოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ავია-ხაზების ერთობლივი ორგანიზებით, ქ. ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა პირველი რეისის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი. ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ორ მეგობარ ქვეყანას შორის, რასაც ადასტურებს ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნა. მისივე თქმით, არსებობს დიდი ტურისტული პოტენციალი საქართველო-აზერბაიჯანს შორის და ახალი ავია-რეისი კიდევ უფრო გაზრდის, როგორც ორმხრივი ტურისტული ნაკადის მაჩვენებელს ასევე საქმიანი წრეების აქტივობას. ზ. პატარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ბაქო-ბათუმი-ბაქოს“ პირდაპირი ავია-რეისი პოპულარული და მოთხოვნადი იქნება არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. პირველ მგზავრებს ასევე სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო ავია-ხაზების „Azerbaijan Airlines“ ვიცე-პრეზიდენტმა ელდარ გაჯიევმა. მან განაცხადა, რომ ამ ახალი რეისით იხსნება ახალი ეტაპი ორი მეზობელი ხალხის კიდევ უფრო დაახლოვებისთვის. მისივე თქმით,  უახლოესი რეისები სრულად დატვირთულია, რაც იმის მაუწყებელია, რომ „ბაქო-ბათუმი-ბაქოს“ ავია-რეისი იქნება ძალზედ პოპულარული მიმართულება. ახალი ავია-რეისით ბათუმში გაემგზავრა აზერბაიჯანული მხარის 15 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ავია-კომპანია „Buta Airways“ ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე  ტურიზმის სფეროში მოღვაწე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და ბლოგერები.