საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბაქოში აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

30 მაისს, ქ. ბაქოში, საელჩოს ორგანიზებით, სასტუმროს „Hyatt Regency Baku“ ღია ტერასაზე გაიმართა  საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი მიღება, რომელსაც დაესწრნენ: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურული წრეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს-სტრუქტურების, ტურისტული კომპანიების, ქართული დიასპორისა და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ ოქტაი ასადოვმა. მიღების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა ფართო კულტურული პროგრამით ასევე მიღების ფარგლებში, შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახის ნობათის პრეზენტაცია, გაიმართა „ქართული ღვინის ფესტივალი“ და ქართული ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია. ცალკე სტენდით იყო წარმოდგენილი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, მოწყობილი იყო თემატური ექსპოზიციები და ნაჩვენები იქნა ვიდეო-რგოლები ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სფეროს სულ უფრო მზარდი პოტენციალის შესახებ.