საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ევროპის დღეები“ აზერბაიჯანში

21 მაისს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მე-10 საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით, ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ქვეყანაში ევროკავშირის სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად, ეწვია ქ. მინგეჩაურს.  „ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანში უკრაინისა და მოლდოვას დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

„ევროპის დღეებისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები ატარებდა საერთო სახალხო ზეიმის ფორმატს, აგრეთვე გაიმართა დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. ღონისძიებაზე ცალკე იყო წარმოდგენილი საქართველოს სტენდი. ელჩმა ზურაბ პატარაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმისა და ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ. მან აგრეთვე მიმოიხილა სხვადასხვა სახის მიმდინარე პროექტები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფორმატებში და ხაზგასმით აღნიშნა იმ სასიკეთო შედეგების შესახებ, რასაც მიაღწია საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობების პერიოდში.

ზურაბ პატარაძემ ღონისძიებებში მონაწილე მოსახლეობას დაურიგა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ამსახველი საცნობარო მასალები და ბუკლეტები.