საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“

15 მაისს ქ. ბაქოში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა „CASPIAN AGRO-2019“, რომელზეც წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყნის 200-მდე კომპანიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, აგრარულ სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები. გამოფენაზე ცალკე ექსპოზიცია დაეთმო საქართველოს, სადაც წარმოდგენელია 11 ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და ნუგბარი.

გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ ქ. ბაქოში ვიზიტით მყოფი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიების წარმომადგენლები.

გამოფენის პირველივე დღეს, საერთაშორისო ექსპოზიციას ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მან პირადად მოინახულა საქართველოს ექსპოზიცია და გაეცნო ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ ექსკლუზიური გამოცემა.