საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

7 მაისს ქ. ბაქოს სამ დღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის დასაწყისში, საქართველოს დელეგაციამ - საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანის მილი მეჯლისთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი ასევე პატივი მიაგეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა ხსოვნის მემორიალს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა სხვადასხვა სფეროში, აზერბაიჯანში ქართული და საქართველოში აზერბაიჯანული დიასპორების წინაშე მდგარი აქტუალური საკითხები, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ქვეყნების ტურისტული პოტენციალის ზრდისა და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმზე თბილისსა და ბაქოს შორის და ასევე საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცებაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრთა შეხვედრები აზერბაიჯანის პარლამენტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.