საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის თარგმნის სახელმწიფო ცენტრში

2019 წლის 23 აპრილს საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის თარგმნის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელთან, ცნობილ აზერბაიჯანელ მწერალთან  აფაქ მესუდისთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებს, ერთობლივ  პროექტებსა და ღონისძიებებს, რომლებიც სამომავლოდ არის გათვალისწინებული ქართული ლიტერატურის აზერბაიჯანელი მკითხველისთვის გაცნობისა და შესაბამისად, აზერბაიჯანული ლიტერატურის საქართველოში გავრცელების მიზნით.

საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით ერთობლივი საქმიანობა წარმოადგენ ხიდს, რომელიც ემსახურება ხალხებს შორის კულტურულ დაახლოვებას. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქ. ბაქოში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში კულტურული ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საჭიროებაზე. ზ. პატარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, გეგმავს ახალი პროექტებით გააძლიეროს ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობები.

შეხვედრის ბოლოს, აფაქ მესუდიმ საქართველოს ელჩს საჩუქრად გადასცა ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული ქართული ლიტერატურის ანთოლოგია და ასევე ქართულ ენაზე დაბეჭდილი თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის ნაკრები.