საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „AZERTAG“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან ასლან ასლანოვთან

2019 წლის 15 აპრილს გაიმართა საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „AZERTAG“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან ასლან ასლანოვთან. შეხვედრის დასაწყისში, ა. ასლანოვმა აღნიშნა, რომ მოხარულია უმასპინძლოს აზერბაიჯანის დიდი მეგობარი ქვეყნის - საქართველოს ელჩს. ა. ასლანოვმა მოკლედ მიმოიხილა სააგენტოს დაფუძნებისა და მოღვაწეობის ისტორია, რომელსაც მომავალ წელს, უსრულდება საიუბილეო თარიღი  - დაფუძნებიდან 100 წლისთავი. მან საქართველოს ელჩს ასევე გააცნო ინფორმაცია სააგენტოს მრავალმხრივი საერთაშორისო კავშირების შესახებ და გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ქართულ მხარესთან, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციების ურთიერთგაცვლის ოპერატიულობის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განიხილეს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები საინფორმაციო სფეროში. თავის მხრივ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აზერბაიჯანულ მედიასთან ურთიერთობების საკითხს. მისივე თქმით, დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან და ამ თვალსაზრისით, სიმბოლურია, რომ საქართველოს ელჩის რანგში, პირველი ოფიციალური შეხვედრის გამართვა უწევს „AZERTAG“-ის ხელმძღვანელობასთან. ზურაბ პატარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, აგრეთვე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეებს შორის კავშირების განვითარებას საინფორმაციო სფეროში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ურთიერთ ცნობადობის დონეს. ზ. პატარაძემ ასევე მიაწოდა ა. ასლანოვს ინფორმაცია საქართველოში აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილი პრეს-ტურების, ერთობლივი კულტურული, სხვა სახის ღონისძიებების შესახებ, მათ შორის ბაქო-ბათუმი-ბაქოს პირველი ავია-რეისის ამოქმედებასთან დაკავშირებით და პირადად მიიწვია „AZERTAG“-ის ხელმძღვანელობა აღნიშნულ ღონისძიებებზე დასასწრებად.