საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება

2018 წლის 18 დეკემბერს . თბილისში ოფიციალურად გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2018, დევიზით - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის
კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ელჩების კონფერენციის მეორე დღეს, პირველი სამუშაო პანელი დაეთმო  სამინისტროს საქმიანობის შეფასებას და ახალი ინიციატივების განხილვას. პანელის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება და ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც გააჩნია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეაჯამა 2018 წელს გაწეული საქმიანობა, როგორც რეგიონული, ასევე თემატური კუთხით და მიმოიხილა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ვიზიტები წლის განმავლობაში.

კონფერენციის მეორე პანელზე - რეგიონული უსაფრთხოების კონვენციური და ჰიბრიდული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები, მოხსენებით წარდგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ელჩების კონფერენცია დასრულდება 2018 წლის 21 დეკემბერს.