საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ვიზიტი

2018 წლის 16 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსსაქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი დავით ფერაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე. შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან შაჰინ მუსტაფაევსა და ფინანსთა მინისტრთან სამირ შარიფოვთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები, ეკონომიკურ, საინვესტიციო, სარკინიგზო გადაზიდვებისა და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, აგრეთვე საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების განვითარების შესაძლებლობები ახალი „აბრეშუმის გზისა“ და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტების ფარგლებში.

შეხვედრაზე, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.  ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას და იმ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს, რაც გააჩნია ორ მეზობელ ქვეყანას ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების მიმართულებით. ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და მხარეებმა კიდევ უფრო უნდა გაააქტიურონ ძალისხმევა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, განსაკუთრებით „ტრანს-კასპიური“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით.  

მხარეებმა მიუთითეს, რომ უკვე ფუნქციონირებს „ტრანს-ანატოლიის“ (TANAP) გაზსადენი და 2020 წლისთვის ექსპლუატაციაში შევა „ტრანს-ადრიატიკის“ (TAP) მილსადენი, ხოლო „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის დასრულების შემდეგ, ევროპული ქვეყნების ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებული იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანზე, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო აამაღლებს ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე.