საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარესთან ჯავიდ გურბანოვთან

2018 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარესთან ჯავიდ გურბანოვთან.

ჯ. გურბანოვმა მიულოცა ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობა აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებს შორის. ხაზი გაესვა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და გლობალური მასშტაბით. ასევე ითქვა, რომ სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალის ასამაღლებლად, აუცილებელია დაიგეგმოს ერთობლივი სამომავლო ნაბიჯები, ჩატარდეს ერთობლივი პრეზენტაციები, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს აღნიშნული მარშრუტები ბიზნეს წრეებისა და გადამზიდავი კომპანიებისთვის. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა, მ/წლის ნოემბერში, ქ. შანხაიში დაგეგმილ ღონისძიებას, სადაც მოხდება ამ მარშრუტების პრეზენტაცია და პოპულარიზაცია.

საქართველოს ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს, ზ. პატარაძემ მადლობა გადაუხადა ჯ. გურბანოვს გულთბილი მიღებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების პოპულარიზაციის მიზნით.