საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან აზად რაჰიმოვთან

2018 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან აზად რაჰიმოვთან.

მინისტრმა მიულოცა ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და უსურვა წარმატებები დიპლომატიურ საქმიანობაში.

საუბრისას, ა.რაჰიმოვმა განაცხადა, რომ საქართველო მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია აზერბაიჯანისათვის და ხაზი გაუსვა, წლების მანძილზე, ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს ორი ქვეყნის სპორტულ საზოგადოებებსა და ახალგაზრდებს შორის. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო კონტაქტების არსებობის მნიშვნელობას.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მ/წლის 16 ოქტომბერს, თბილისში, აზერბაიჯანის დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალში და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისათვის.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად  მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. ზ.პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ მოძმე ხალხს შორის ურთიერთობების დიდი წილი მოდის კულტურულ-ჰუმანიტარულ კავშირებზე და ერთობლივი ძალისხმევით საჭიროა ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება.

ზ.პატარაძემ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ელჩმა აღნიშნა, რომ მინისტერიალი მიზნად ისახავდა საერთო ევროპული თანამშრომლობისთვის ახალი ბიძგის მიცემასა და სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებას და ამ კუთხით,  საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს, გაუჩნდა კარგი შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მ.ბახტაძის ვიზიტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით.

ზ.პატარაძემ მადლობა გადაუხადა ა.რაჰიმოვს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის.