საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შაჰმარ მოვსუმოვთან

2018 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შაჰმარ მოვსუმოვთან.

შაჰმარ მოვსუმოვმა მიულოცა ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

შ. მოვსუმოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად მონაწილეობენ გლობალური მასშტაბის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რომელთა შორისაა ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი, „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში, სხვა კომპანიებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა შ. მოვსუმოვს გულთბილი მოლოცვისთვის. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში. მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, ისევე როგორც მთელი ევროპისთვის, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ჩვენი სახელმწიფოების შემდგომ ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოებაზე.

ზ. პატარაძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ნავთობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის.