საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ფუად ნაგიევთან

2018 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ფუად ნაგიევთან.

შეხვედრის დასაწყისში, ფ. ნაგიევმა მიულოცა ზურაბ პატარაძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა აღინიშნეს ორი მეზობელი ქვეყნის მთავრობებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ტურიზმის სფეროში. ფ. ნაგიევმა განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით მეზობელ ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებაში. ფ. ნაგიევის თქმით, ის დაინტერესებულია, რომ ქართულ მხარესთან ერთობლივად, შეიმუშაოს  ტურისტული პროექტები, რადგან აზერბაიჯანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება კულტურულ და ეკო-ტურისტულ სფეროებში.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ფ. ნაგიევს გულთბილი მოლოცვისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებმა დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ რეგიონში ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების კუთხით. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ გადაწყდა „ბაქო-ბათუმი-ბაქოს“ მიმართულებით, AZAL-ის პირდაპირი ავია-რეისის დანიშვნის საკითხი მომავალი წლის 14 ივნისიდან და რეისის პოპულარიზაციის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ინფო და პრეს-ტურების გამართვის თაობაზე აზერბაიჯანიდან საქართველოში და პირიქით.

ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად, ძალზედ მნიშვნელოვანია ერთობლივი პრეზენტაციების ჩატარება მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში, რაც აამაღლებდა ქვეყნების ცნობადობას და საშუალებას მისცემდა ვიზიტორებს წინასწარ დაეგეგმათ ტურები ორივე ქვეყნის მიმართულებით. მან ფ. ნაგიევს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის სვანეთში „თეთნულდის“, აგრეთვე მაღალმთიანი აჭარის „გოდერძის“ უღელტეხილზე ახალი სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობის, ხოლო მის სიახლოვეს, ალპური ბოტანიკური ბაღის განაშენიანებაზე, რასაც არ მოეპოვება  ანალოგი კავკასიის რეგიონში.

შეხვედრის დასასრულს, ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ფ. ნაგიევს გულთბილი მიღებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ტურისტული სფეროს პოპულარიზაციის მიზნით.