საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრთან ფარვიზ შაჰბაზოვთან

2018 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრთან ფარვიზ შაჰბაზოვთან.

შეხვედრის დასაწყისში, ფ. შაჰბაზოვმა ზურაბ პატარაძეს მიულოცა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. ფ. შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ წლების მანძილზე, ორ მეზობელი ქვეყნის მთავრობებს შორის, ჩამოყალიბებულია მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ენერგეტიკის სფეროში. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ახორციელებს მნიშვნელოვან გლობალურ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტს და დასძინა, რომ ყველა პროექტში აქტიურად არის ჩართული საქართველო. ფ. შაჰბაზოვის განცხადებით, მრავალი წლის მანძილზე, აზერბაიჯანმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნავთობის სახელმწიფომ, მაგრამ „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტის რეალიზაციით, ქვეყანა ხდება ევროპაში ბუნებრივი აირის მსხვილი ექსპორტიორი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.  

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ფ. შაჰბაზოვს გულთბილი მოლოცვისთვის. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში: „ბაქო-თბილისი-ყარსი“, „გაზის სამხრეთის დერეფანი“, „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ და ა.შ. ასევე აღნიშნა, რომ მთელი რეგიონის და მათ შორის საქართველოსთვის, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს „გაზის სამხრეთ დერეფნის“ პროექტს, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ფ. შაჰბაზოვს შეხვედრისთვის და გამოვთქვა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.