საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ბატონ აფლატუნ ამაშევთან

2018 წლის 14 სექტემბერს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ბატონ აფლატუნ ამაშევთან.

შეხვედრის დასაწყისში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმზე თბილისსა და ბაქოს შორის,  ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობის თაობაზე, ერთობლივ, ფართომასშტაბიან ენერგეტიკულ, სატრანზიტო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სავაჭრო და ტვირთბრუნვის მაჩვენებლების ზრდის შესაძლებლობებზე ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების, ქვეყნების ტურისტული პოტენციალის ზრდისა და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

ტურიზმის სფეროზე საუბრისას აღინიშნა, რომ მკვეთრად იმატა აზერბაიჯანელ ტურისტთა ნაკადმა აჭარის შავი ზღვის კურორტებზე და მნიშვნელოვანია, მხარეებმა განიხილონ შესაძლებლობა პირდაპირი ავია-რეისების ამოქმედების თაობაზე ბაქოსა და ბათუმს შორის, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის და გაამარტივებს ლოგისტიკურ მარშრუტს აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარების თაობაზე ორმხრივსა და მრავალმხრივ ფორმატებში. 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა აფლატუნ ამაშევს გულთბილი მიღებისთვის და მიულოცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის 100 წლის იუბილე.