საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

1990 წლის 20 იანვრის ტრაგიკული მოვლენების 30-ე წლისთავი

20 იანვარი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე  აზერბაიჯანული სახელმწიფოს ისტორიაში.  

30 წლის წინ, 1990 წლის 19-20 იანვარს, როდესაც მოსახლეობა მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა პროტესტს ყოფილი სსრკ-ს დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ, პოლიტ.ბიუროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ბრძანებით, შეიარაღებული ძალების სადამსჯელო ბრიგადებმა მოაწყვეს ნამდვილი სასაკლაო ქ. ბაქოსა და ქვეყნის რიგ რეგიონში.  ამ მოვლენების შედეგად, დაიღუპა საპროტესტო მანიფესტაციის მონაწილე 100-მდე და დასახიჩრდა  700-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.

1990 წლის 20 იანვარი გახლდათ სადამსჯელო ოპერაცია კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების ჩასახშობად, წარმოადგენდა ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის გაგრძელებას, რაც მიმართული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების წინააღმდეგ.

ელჩმა ზურაბ პატარაძემ, საქართველოს მთავრობის სახელით, მიუსამძიმრა მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებასა და ხალხს ტრაგიკული მოვლენების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით. საქართველოს ელჩმა, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად, პატივი მიაგო მათ ხსოვნას და ყვავილებით შეამკო უდანაშაულო მსხვერპლთა საფლავები „სამშობლოსთვის თავდადებულთა ხეივანში“.