საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ბიზნესი და კულტურა აზერბაიჯანში

5 დეკემბერს, საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო სამშენებლო დეველოპერული კომპანიის „ორბი ჯგუფის“ ერთობლივი ორგანიზებით, ქ. ბაქოში გაიმართა ორი ფართომასშტაბიანი ღონისძიება. საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ და „ორბი ჯფუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ზოიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს კომპანიის წარმომადგენლობის ოფისი ქ. ბაქოში. საღამოს გაიმართა გალა-მიღება სასტუმროში „Four Seasons“, სახელწოდებით - „ქართული ბიზნესი და კულტურა აზერბაიჯანში“. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებები უსურვა „ორბი ჯგუფს“ აზერბაიჯანის ბაზარზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა კომპანიის გენ. დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ. გალა-მიღება გაგრძელდა ფართო კულტურული პროგრამით, რომელსაც უძღვებოდა აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ: აფხაზეთის ა/რ-ის გ. ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელა, მომღერლები ნონო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, დათუნა მგელაძე და ქართული ცეკვის ანსამბლი „რასა“. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა „ორბი ჯგუფის“ ბიზნეს-პროექტების პრეზენტაცია, ეროვნული სამზარეულოსა და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

გალა-მიღებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ქ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე,  ქ. განჯაში საქართველოს გენ. კონსული ნიკოლოზ იაშვილი, აზერბაიჯანის ხელისუფლების, ბიზნეს-წრეების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია, აგრეთვე ტელეკომპანიის „იმედი“ პოპულარული პროექტის „პრაიმ-შოუ“ შემოქმედებითი ჯფუფი.