საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძის სამუშაო ვიზიტი ნახიჩევანის ა/რ-ში

24 სექტემბერს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. ვიზიტის დასაწყისში, ზ. პატარაძემ ყვავილებით შეამკო აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ძეგლი, რის შემდეგაც ეწვია ჰ. ალიევის სახელობის მუზეუმს. ზ. პატარაძემ გააკეთა სამახსოვრო ჩანაწერი სტუმრის წიგნში.

ზურაბ პატარაძემ გამართა შეხვედრა ნახიჩევანის ა/რ-ის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ ტალიბოვთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა: სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, ნახიჩევანის სავაჭრო სახლის“ გახსნის პერსპექტივა საქართველოში, მათ შორის ნახიჩევანის ა/რ-ის დაძმობილებულ აჭარის ა/რ-ში და ქართული სავაჭრო სახლის“ გახსნის პერსპექტივა ნახიჩევანის ა/რ-ში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა ვიზიტების ხელშეწყობა ორივე მიმართულებით, ბიზნეს ფორუმების ორგანიზება, რეგიონალური ტურიზმის განვითარება, რეგულარული საავტობუსო და საჰაერო რეისების დანიშვნა ქ. ნახიჩევანსა და ქ. ბათუმს შორის. ვ. ტალიბოვმა გამოთქვა მზადყოფნა ქართული ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ნახიჩევანის ა/რ-ში. აგრეთვე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ  გაგრძელდება საქართველოდან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების (ასთმა, სუნთქვის დარღვევა) უსასყიდლოდ დასვენება-მკურნალობის კურსები „დუზდაგ“-ის მარილიანი მაღაროების გამაჯანსაღებელ კურორტებზე.

ელჩმა ზურაბ პატარაძემ ასევე შეხვედრა გამართა ნახიჩევანის ა/რ-ის ეკონომიკის მინისტრთან ტაფდიქ ალიევთან, შეხვედრას ესწრებოდა ქ. ნახიჩევანის მერი მირსანან სეიდოვიც. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი ბიზნეს-პროექტების  განხორციელების პერსპექტივები საქართველოსა და აზერბაიჯანის რეგიონებს შორის, აგრეთვე ერთობლივი ბიზნეს-ფორუმების, პრეზენტაციების, გამოფენების ორგანიზების შესაძლებლობები, საუბარი შეეხო ინვესტიციების დაბანდების საკითხს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა ნახიჩევანის ა/რ-ის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორთან აქბარ ნოვრუზოვთან. შეხვედრისას განხილულ იქნა: ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, რეგიონალური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, პრეს-ტურებისა და ინფო-ტურების ორგანიზების შესაძლებლობები.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ელჩი ზურაბ პატარაძე, ნახიჩევანის ა/რ-ის ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ეწვია საგამოფენო ცენტრს, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქცია. რეგიონის სავაჭრო ეკონომიკური პოტენციალის შესწავლის მიზნით, ზ. პატარაძე, ქ. ნახიჩევანის მერთან ერთად, ეწვია წამყვან ადგილობრივ საწარმოებს, გაეცნო სამუშაო პროცესს და საწარმოო ტექნოლოგიებს. საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, ზ. პატარაძემ ისაუბრა ერთობლივი კომპანიების დაფუძნების პერსპექტივებისა და საქართველოსთვის განსაზღვრული პრეფერენციების გათვალისწინებით, წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების შესახებ ევროპის ბაზარზე.