საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი

8 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, აგრეთვე შედგა ფოტო-გამოფენა და ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა 11 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა  საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების თაობაზე, მცოცავი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებულ არ აღიარების პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის თაობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი აფლატუნ ამაშევი.

საელჩოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, ქ. ბაქოს ქართული სათვისტომოსა და მას-მედიის წარმომადგენლები.