საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

teimuraz sharashenidze

ძვირფასო სტუმრებო,

ნება მომომეცით, მოგესალმოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით. იმედს გამოვთქვამ, რომ საელჩოს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.

საქართველო, 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციისა და ქვეყანაში ახალი ხელისუფლების არჩევის შემდგომ, ძირეული ცვლილებების გზას დაადგა. რეფორმების შედეგად, საქართველო დღეს ცივილიზებული სახელმწიფოების რიგებში შევიდა, ქვეყანაში გაბატონებულია კანონის უზენაესობა, მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია, შეუჩერებლად ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველო მიზნად ისახავს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტირიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას, ევროპული და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრირებას.

მიუხედავად მთელი რიგი წინააღმდეგობებისა, საქართველო აქტიურად და საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო და ტურისტულ გარემოს, რათა მაქსიმალურად იყოს მიმზიდველი პარტნიორებისათვის. მივესალმებით აზერბაიჯანში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესს, რომელიც ქვეყნის მომავლის კეთილდღეობას ემსახურება. საქართველოსთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ჩემი ქვეყნის საგარეო ურთიერთობების სისტემაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვნად განაპირობებს ორ ქვეყანას შორის დღეს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

აზერბაიჯანი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იზიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თავის მხრივ, საქართველოც, ცალსახად უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და სახელმწიფოების კონსტიტუციურ სივრცეში მოქცევა. ეს კი, თავის მხრივ, საფუძველს შექმნის და დამატებით სტიმულად იქცევა ორივე ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის შემდგომი მდგრადი და სტაბილური განვთარებისათვის.

დამოუკიდებლობის ბოლო ოცმა წელიწადმა აშკარად დაგვანახა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს, ორივე ქვეყანას თანაბრად ესაჭიროება ურთიერთგვერდში დგომა, რადგან, ამ მეტად რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკური პირობებში, მხოლოდ ურთიერთმხარდაჭერითა და მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი გადაილახოს არსებული სირთულეები და გავუმკლავდეთ ჩვენს წინაში მდგარ გამოწვევებს.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ის კეთილგანწყობა და სიყვარული, რომელიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს აკავშირებს. ორ ქვეყანასევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის განსაკუთრებულია ჩვენი ისტორიული წარსული, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური კულტურა და მიზანმიმართული სწრაფვა დემოკრატიული ფასეულობების განვითარებისაკენ.

მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ მტკიცე მეგობრობისათვის და ქმედითი მხარდაჭერისათვის, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება და აზერბაიჯანელი ხალხი მუდმივად ავლენს საქართველოს მიმართ.

აზწრბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი ელჩობად მუშაობის პერიოდში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და განუხრელად გაგრძელდეს.

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაეხმარება ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოსთან კავშირების დამყარებაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება.

თეიმურაზ შარაშენიძე

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი